ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.
ანგარიშში წერია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, თუმცა ევროკავშირისთვის შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე ადამიანის უფლებების მიმართებაში არსებითი უკუსვლა მოხდა.
საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო. მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას.
ამავე ანგარიშის მიხედვით, "2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის".
ანგარიშში ჩამოთვლილია კონკრეტული საკითხები, რომლებიც ევროკავშირს პრობლემურად მიაჩნია: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები; 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვიარ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე; ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.
"გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი დაჩქარებული წესით იყო მიღებული პარლამენტის მიერ ევროკავშირის ან ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ აუცილებელი კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე. ეს კანონები სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას, დანიშვნის საკვანძო პროცედურებს, ფარული თვალთვალის პროცედურებს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლას მოიცავდა. ასევე პრობლემურ საკითხთა შორის იყო - შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილობრივი შესრულება. 2021 წელს გაგრძელდა COVID-19 პანდემიის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გავლენა საქართველოზე და არსებული მოწყვლადობა კიდევ უფრო გამწვავდა", - წერია ანგარიშში.
პრობლემური არის ასევე შემდეგი საკითხები: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური; პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები; მედიაგარემო; ღირსების მარშის გაუქმება; გენდერული თანასწორობა და სხვა.
მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება
"2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. მიუხედავად ამისა, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა. სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა.
საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზრდის ვალდებულება არაერთხელ აიღო, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის საშუალებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ზედიზედ სამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, 2021 წლის 12 ივლისს, 1 დეკემბერს და 29 დეკემბერს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მთლიანობაში 11 მოსამართლე დაინიშნა. 2019-2021 წლებში საქართველოს პარლამენტმა 28-ვე ახლადარჩეული მოსამართლე, ოპოზიციური პარტიების ძალზე შეზღუდული მხარდაჭერით უვადოდ დანიშნა. 2021 წლის აპრილში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მცირე ცვლილებები შევიდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში ხანგრძლივად არსებული ხარვეზები (კერძოდ, გასაჩივრების პროცესის არარსებობა) აღმოუფხვრელი რჩება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად. ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე. მიუხედავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მოწოდებისა, შემდგომ სასამართლო დანიშვნებში პაუზა გაკეთებულიყო, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს, შესაბამისად მთლიანობაში ექვსი მოსამართლე წევრი დანიშნა. ეს გაკეთდა ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა".
მედიაგარემო
"საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული. საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. ეს წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებაში. თავისუფლების სახლის (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" არის 58/100 2022 წელს 60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს. ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტინფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.
2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს. 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო".
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოში რეფორმების კუთხით ძირითად სფეროებში უკუსვლა ნახეს.
"საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება", - განაცხადა ბორელმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"მას შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით", - თქვა ევროკომისარმა.
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიამ ასევე გაწია რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტებისა იქნება შესრულებული. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. მან აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.